MeWay

სამართლებრივი საკითხები

ავტომობილის გაქირავების წესები და პირობები

შპს „მივეი აპპ" (ს/კ: 405847044), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, N30ა (შემდგომში - „Meway" ან „პლატფორმა").

წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ავტომობილის ყველა მესაკუთრეზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე (შემდგომში - „გამქირავებელი"), რომელიც Meway-ს პლატფორმაზე განათავსებს განცხადებას და/ან დაადასტურებს დამქირავებლის ჯავშანს. ჯავშნის დადასტურებით გამქირავებელი უპირობოდ ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს.

მნიშვნელოვანი: Meway წარმოადგენს ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს გამქირავებელსა და დამქირავებელს, ასევე ადმინისტრირებას უწევს გადახდის პროცესს (მოქმედი კანონმდებლობისა და გადახდის სისტემების მოთხოვნათა შესაბამისად). საიჯარო ურთიერთობა - ავტომობილის ფაქტობრივი გადაცემა, ტექნიკური გამართულობა, დაზღვევა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი - არსებობს ექსკლუზიურად გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის. Meway არ წარმოადგენს ავტომობილის მეიჯარეს/თანამეიჯარეს და არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას ავტომობილზე, მის მდგომარეობასა თუ ექსპლუატაციაზე.

Meway-ს ჩართულობის ფარგლები: Meway მხარეთა შორის ურთიერთობაში ჩაერევა მხოლოდ და ექსკლუზიურად ქირავნობის საფასურთან და დეპოზიტთან დაკავშირებულ საკითხებში, თუ გამქირავებელი და დამქირავებელი ვერ ახერხებენ საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას. ასეთ დროს Meway ასრულებს მედიატორის როლს და, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იღებს საბოლოო ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ქირავნობის საფასურისა და დეპოზიტის ფარგლებში. ნებისმიერი სხვა საკითხი (მათ შორის: საგზაო/საპარკინგე ჯარიმები, ავტომობილის გატაცება/ქურდობა, სადაზღვევო შემთხვევები ან დამატებითი ზიანის ანაზღაურება დეპოზიტის მიღმა) წყდება უშუალოდ გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის, Meway-ს ჩარევისა და პასუხისმგებლობის გარეშე.

1. განცხადება, მონაცემთა სისწორე და მოდერაცია

1.1. გამქირავებელი სრულად არის პასუხისმგებელი განცხადებაში მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე - მათ შორის: ავტომობილის მახასიათებლებზე, ფასზე, ხელმისაწვდომობაზე, დაზღვევის სტატუსსა და დამატებით პირობებზე.

1.2. Meway უფლებამოსილია: არ დაამტკიცოს განცხადება; მოითხოვოს ინფორმაციის კორექტირება; დროებით შეაჩეროს ან წაშალოს გამოქვეყნებული განცხადება წესების დარღვევის შემთხვევაში; შეზღუდოს განცხადების ხილვადობა ტექნიკური ან შიდა კონტროლის საფუძველზე.

1.3. თუ აღმოჩნდა, რომ განცხადებაში მითითებული მონაცემები არსებითად აცდენილია რეალობას (მაგ. ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, კომპლექტაცია, ფასი), Meway უფლებამოსილია გააუქმოს აქტიური ჯავშანი, დაუბრუნოს დამქირავებელს გადახდილი თანხა სრულად და გამოიყენოს მე-8 მუხლით გათვალისწინებული სანქციები გამქირავებლის მიმართ.

2. დამქირავებლის პერსონალური მონაცემები

2.1. ვერიფიკაციის მიზნით დამქირავებლის მიერ გაზიარებული დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა) გამქირავებლისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ და ექსკლუზიურად დამქირავებლის იდენტიფიცირების მიზნით.

2.2. გამქირავებელს მკაცრად ეკრძალება: დამქირავებლის პერსონალური მონაცემების შენახვა, კოპირება, ფოტოგადაღება, ეკრანის ანაბეჭდის (Screenshot) გადაღება ან რაიმე ფორმით მესამე პირებისთვის გაზიარება/გადაცემა.

2.3. ამ მუხლის დარღვევა იწვევს გამქირავებლის ანგარიშის დაუყოვნებელ და სამუდამო დაბლოკვას, განცხადებების მოხსნას და პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ") შესაბამისად.

3. ავტომობილის მდგომარეობა და დოკუმენტაცია

3.1. გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს გადასცეს ტექნიკურად გამართული, სუფთა და კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება) გავლილი ავტომობილი, რომელიც სრულად შეესაბამება განცხადების აღწერას.

3.2. გამქირავებელი ვალდებულია ავტომობილში იქონიოს ყველა საჭირო დოკუმენტი (სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა/ტექპასპორტი და, არსებობის შემთხვევაში, მოქმედი სადაზღვევო პოლისი).

3.3. დაზღვევა: განცხადების დამატებისას გამქირავებელი თავად უთითებს, აქვს თუ არა ავტომობილს მოქმედი დაზღვევა. თუ გამქირავებელს არ გააჩნია დაზღვევა, იგი ცალსახად ეთანხმება, რომ ავარიის, დაზიანების, ქურდობის, ძარცვის ან სხვა ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში წარმოქმნილი ფინანსური რისკი და ზარალი - მთლიანად და გამონაკლისის გარეშე - ეკისრება გამქირავებელს. Meway ამ საკითხში არ იღებს არანაირ როლს და პასუხისმგებლობას (მათ შორის, დაზღვევის ვალიდურობის შემოწმების ვალდებულებას).

3.4. დავის თავიდან ასაცილებლად, გამქირავებლისთვის კრიტიკულად რეკომენდებულია ავტომობილის ვიზუალური მდგომარეობის, სალონისა და საწვავის ნიშნულის ფოტო/ვიდეო დაფიქსირება, როგორც გადაცემის, ისე ჩაბარების მომენტში. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, Meway მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს გამქირავებლის პრეტენზია დეპოზიტთან დაკავშირებით.

4. ჯავშნის დადასტურება

4.1. სტანდარტული ჯავშნის შემთხვევაში, გამქირავებელს ჯავშნის დასადასტურებლად ეძლევა 2 საათი.

4.2. ექსპრეს ჯავშანი: თუ ქირავნობის დაწყებამდე დარჩენილია 2 საათზე ნაკლები, დადასტურების ვადა შეადგენს დაწყებამდე დარჩენილ დროს მინუს 30 წუთს.

4.3. თუ გამქირავებელი ვერ დაადასტურებს ჯავშანს დადგენილ ვადაში, დამქირავებელს გადახდილი თანხა (მათ შორის დეპოზიტი) უბრუნდება ავტომატურად და სრულად. ვინაიდან ჯავშანი არ შედგა, გამქირავებელს განაცემი არ ერიცხება, ხოლო აღნიშნული ფაქტი აისახება გამქირავებლის რეიტინგზე (იხ. მუხლი 8).

4.4. ექსპრეს ჯავშნის დაუდასტურებლობა გამქირავებლის რეიტინგზე არ აისახება.

4.5. თუ მგზავრობის ოფიციალური დაწყების დროიდან გავიდა 1 საათი და ავტომობილის მიღება/გადაცემა აპლიკაციაში არცერთი მხარის მიერ არ დადასტურებულა, ჯავშანი სისტემის მიერ ავტომატურად ითვლება გააქტიურებულად, თუ პლატფორმაზე არ არის დაფიქსირებული აქტიური პრეტენზია შეფერხების შესახებ.

5. ავტომობილის დაბრუნება და დეპოზიტი

5.1. გამქირავებელი ვალდებულია პლატფორმაზე დაუყოვნებლივ დაადასტუროს ავტომობილის ფაქტობრივი დაბრუნება. დადასტურების მომენტიდან იწყება დეპოზიტის დაბრუნების 2-საათიანი ვადა.

5.2. თუ გამქირავებელი არ დაადასტურებს დაბრუნებას, სისტემა ავტომატურად ადასტურებს პროცესს ჯავშნის დასრულების დროიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, პლატფორმის შიდა წესების შესაბამისად.

5.3. დეპოზიტიდან თანხის მოთხოვნა: თუ ავტომობილს მიადგა ზიანი, აღმოჩნდა საწვავის დანაკლისი, მნიშვნელოვანი დაბინძურება ან სხვა დარღვევა, გამქირავებელს ჯერ რეკომენდაცია ეძლევა საკითხი პირდაპირ მოაგვაროს დამქირავებელთან. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გამქირავებელი იყენებს ფუნქციას „თანხის მოთხოვნა დეპოზიტიდან", უთითებს მოთხოვნილ ოდენობას, მიზეზს და ურთავს დამადასტურებელ ფოტო/ვიდეო მასალას.

5.4. დამქირავებელს უფლება აქვს უარყოს მოთხოვნა - ამ შემთხვევაში დეპოზიტი რჩება დაბლოკილი პლატფორმაზე მედიაციის დასრულებამდე. Meway ჩაერთვება მხოლოდ ამ ეტაპზე, მედიატორის სახით, და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დეპოზიტის ფარგლებში (იხ. მუხლი 11).

5.5. თუ პრეტენზია არ დაფიქსირდა, დეპოზიტი დამქირავებელს ავტომატურად უბრუნდება გამქირავებლის მიერ დაბრუნების დადასტურებიდან 2 საათში.

6. დაგვიანება, სისუფთავე, საწვავი და ჯარიმები

6.1. დაგვიანებით დაბრუნება:

•

0-30 წუთი - უფასო;

•

30 წუთი – 3 საათი - დღიური ტარიფის 30%;

•

3 საათზე მეტი - სრული დღიური ტარიფი.

აღნიშნული თანხა ჩამოიჭრება დამქირავებლის დეპოზიტიდან. გამქირავებელს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გააუქმოს ეს ჯარიმა.

6.2. საწვავი: ავტომობილი უნდა დაბრუნდეს გადაცემისას არსებული საწვავის იმავე ნიშნულით. სხვაობის შემთხვევაში გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია 5.3 მუხლის პროცედურით.

6.3. ჰიგიენა: მოწევის, ცხოველის ბეწვის ან სხვა მნიშვნელოვანი დაბინძურების შემთხვევაში, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს დასუფთავების ხარჯის ანაზღაურება 5.3 მუხლის პროცედურით.

6.4. საგზაო ჯარიმები: იჯარის პერიოდში მიღებულ ყველა ვიდეო, საპარკინგე თუ სხვა ადმინისტრაციულ ჯარიმაზე სრულად პასუხისმგებელია დამქირავებელი. ამ საკითხის მოგვარება ხდება უშუალოდ გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის - Meway-ს არ გააჩნია შესაბამისი ფუნქციონალი და არ ერევა ამ პროცესში არც ადმინისტრაციულად და არც მედიატორის სახით.

7. თანხის გადარიცხვა გამქირავებლისთვის

7.1. ჯავშნის კუთვნილი საფასური გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება მას შემდეგ, რაც დამქირავებელი ჩაიბარებს ავტომობილს (მგზავრობის ოფიციალური დაწყება) - ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში.

7.2. Meway იტოვებს უფლებას შეაჩეროს, შეამციროს ან უკან დაიბრუნოს უკვე გადარიცხული თანხა, თუ:

•

ავტომობილი გადაცემულია ტექნიკურად გაუმართავ, უსუფთაო ან საფრთხის შემცველ მდგომარეობაში;

•

განცხადების მონაცემები არსებითად აცდენილია რეალობას;

•

დამქირავებლის პრეტენზია (მუხლები 5.3-5.4) დადასტურებულია მტკიცებულებებით და ეხება დეპოზიტს ან ქირავნობის საფასურს.

7.3. ვინაიდან თანხის გადარიცხვა უკავშირდება მგზავრობის ფაქტობრივ დაწყებას (მუხლი 7.1), ჯავშნის დაუდასტურებლობის (მუხლი 4.3) ან გამოუცხადებლობის (მუხლი 9.2 - „No-Show") შემთხვევაში ის არ იწყება, შესაბამისად გამქირავებელს ანაზღაურება არ ერიცხება.

8. რეიტინგი და სანქციები

8.1. დადასტურებული ჯავშნის გამქირავებლის მიერ გაუქმება ამცირებს მის რეიტინგს პლატფორმაზე.

8.2. ჯავშნის დაუდასტურებლობა, არასწორი განცხადების განთავსება (მუხლი 1.3) ან წინასწარ დაუდასტურებელი მიზეზით ავტომობილის მიუწოდებლობა აისახება გამქირავებლის რეიტინგზე და შესაძლოა გახდეს ახალი ჯავშნების მიღების დროებითი შეზღუდვის საფუძველი.

8.3. სისტემატური დარღვევის შემთხვევაში Meway უფლებამოსილია დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს გამქირავებლის ანგარიში.

9. გაუქმება გამქირავებლის მიერ და მომსახურების გაუწევლობა (No-Show)

9.1. გამქირავებლის მიერ დადასტურებული ჯავშნის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობისას (მაგ. ავტომობილის მოულოდნელი ავარია, ქურდობა, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან სხვა ობიექტური გარემოება).

9.2. თუ გამქირავებელი ვერ უზრუნველყოფს ჯავშნით გათვალისწინებულ დროსა და ადგილზე ავტომობილის მიწოდებას ფორსმაჟორული გარემოების გარეშე (მათ შორის - „No-Show"), დამქირავებელს გადახდილი თანხა (მათ შორის დეპოზიტი) უბრუნდება სრულად და უპირობოდ. გამქირავებელს აღნიშნულ ჯავშანზე ანაზღაურება არ ერიცხება (მუხლი 7.3) და ეკისრება მე-8 მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

9.3. განმეორებითი „No-Show" შემთხვევა წარმოადგენს ანგარიშის დაუყოვნებელი, სამუდამო დაბლოკვის საკმარის საფუძველს, დამატებითი გაფრთხილების გარეშე.

10. პასუხისმგებლობის სრული გადატანა გამქირავებელზე

10.1. Meway არ წარმოადგენს ავტომობილის მესაკუთრეს, მეიჯარეს ან მზღვეველს და არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას იჯარის პერიოდში წარმოქმნილ ავარიაზე, მექანიკურ დაზიანებაზე, ქურდობაზე, ძარცვაზე, მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე ან საგზაო/საპარკინგე ჯარიმებზე.

10.2. ავტომობილთან, მის ტექნიკურ მდგომარეობასთან, დაზღვევასთან (ან მის არარსებობასთან), ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ რისკთან დაკავშირებული სრული სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება ექსკლუზიურად გამქირავებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია დადასტურებულად დამქირავებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - ასეთ დროს ურთიერთობა რეგულირდება უშუალოდ გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის (საჭიროებისამებრ, პლატფორმის მედიაციის ან საქართველოს სასამართლოს მეშვეობით).

10.3. Meway-ს მაქსიმალური ფინანსური პასუხისმგებლობა გამქირავებლის მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში, შემოიფარგლება ექსკლუზიურად კონკრეტული ჯავშნიდან Meway-ს მიერ ფაქტობრივად მიღებული მომსახურების საკომისიოს (Commission Fee) ოდენობით.

10.4. ზიანის ანაზღაურება: გამქირავებელი აცხადებს სრულ თანხმობას, აანაზღაუროს Meway-ს ნებისმიერი ხარჯი, ზიანი, ჯარიმა ან მესამე პირის მოთხოვნა, რომელიც წარმოიქმნება გამქირავებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების, მოქმედი კანონმდებლობის ან მესამე პირის უფლებების დარღვევის შედეგად (მათ შორის - არასწორი განცხადება, დაზღვევის არარსებობის დამალვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესების დარღვევა).

11. დავების გადაწყვეტა და მედიაცია

11.1. გამქირავებელს უფლება აქვს მომსახურების ხარვეზის შესახებ განაცხადოს Meway-ს მხარდაჭერის სამსახურში.

11.2. Meway ჩაერთვება მხარეთა (გამქირავებელი-დამქირავებელი) შეუთანხმებლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ქირავნობის საფასურს ან დეპოზიტს და მხარეები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად შეთანხმებას. ასეთ დროს Meway იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას, წარმოდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების (ფოტო/ვიდეო მასალა, მიმოწერა, სისტემური ლოგები) საფუძველზე, მედიატორის სახით მიიღოს საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება დეპოზიტის ჩამოჭრის, დაბრუნების ან თანხის გადარიცხვის შესახებ. ამ ფარგლებს მიღმა არსებულ საკითხებში (მათ შორის - ჯარიმები, პირდაპირი ზიანის პრეტენზიები, სამართლებრივი დავები) Meway მხარეებს შორის არ ერევა.

11.3. Meway-ს მიერ მიღებული მედიაციის გადაწყვეტილება სავალდებულოა პლატფორმის შიდა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის, თუმცა არ ზღუდავს გამქირავებლის უფლებას, დავა განიხილოს საქართველოს სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.